ხელშეკრულება

შპს „საქართველოს ფოსტის“ „მალეოს“ პროდუქტით მომსახურების შესახებ

ერთი მხრივ, შპს „საქართველოს ფოსტა“ (ს/ნ: 203836233; მისამართი: სადგურის მოედანი №2, 0100 თბილისი, საქართველო; ტელ: 0322-24-09-09. ელექტრონული პლატფორმა: https://www.maleo.ge/) (შემდეგში-„კომპანია“) და, მეორე მხრივ, პირი, რომელიც სარგებლობს შპს „საქართველოს ფოსტის“ „მალეოს“ პროდუქტის მომსახურებით (შემდეგში - „შემკვეთი“), თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ვთანხმდებით მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ პირობებზე: 
 
1. ტერმინთა განმარტება
1.1. აგენტის ოფისი - საწყობი, სადაც ხდება შემკვეთის მიერ შეძენილი ნივთის მიღება, მისი შემდგომში საქართველოში ტრანსპორტირებისა და შემკვეთისთვის ჩაბარებისთვის.
1.2. გზავნილი - შემკვეთის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთ(ებ)ი, რომლებიც შეფუთულია ერთად და მინიჭებული აქვს ერთი მაიდენტიფიცირებელი კოდი.
1.3. იურიდიული პირი - განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის, იურიდიულ პირად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის წარმონაქმნი, მათ შორის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირი, ასევე სახელმწიფო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანო.
1.4. კომპანია - შპს „საქართველოს ფოსტა“
1.5. ფიზიკური პირი - სრულწლოვანი ფიზიკური პირი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
1.6. მალეოს გაცემის ოფისი - კომპანიის ოფისი, სადაც შემკვეთს საშუალება აქვს ჩაიბაროს გაბარიტული გზავნილი.
1.7. შემკვეთი - ფიზიკური ან იურიდიული პირი.
 
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. კომპანია უზრუნველყოფს შემკვეთის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი გზავნილის (ნივთ(ებ)ის) მიღებას კომპანიის კონკრეტული ქვეყნის აგენტის ოფისში, მის ტრანსპორტირებას საქართველოში და შემკვეთისთვის ჩაბარებას (შემდეგში - მომსახურება).
 
3. მომსახურების ზოგადი პირობები და ვადები
3.1. შემკვეთი კომპანიის მომსახურებით სარგებლობს ვებგვერდზე www.maleo.ge რეგისტრაციის, წინამდებარე ხელშეკრულების დადასტურების, აგრეთვე მისამართისა და ოთახის ნომრის მინიჭების საფუძველზე.
3.2. შემკვეთს, ვებგვერდზე - www.maleo.ge რეგისტრაციისთვის მოეთხოვება შემდეგი ინფორმაციის დაფიქსირება:
3.2.1. ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, საფოსტო ინდექსი, ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი;
3.2.2. იურიდიული პირის შემთხვევაში: კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, საფოსტო ინდექსი, ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი.
3.3. რეგისტრაციის საფუძველზე, შემკვეთს ენიჭება ოთახის ნომერი და მისამართები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კომპანიას აქვს აგენტის ოფისი.
3.4. კომპანია, შემკვეთს სთავაზობს აგენტის ოფისებს შემდეგ ქვეყნებში:
3.4.1. ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ);
3.4.2. საბერძნეთი;
3.4.3. თურქეთი;
3.4.4. იტალია;
3.4.5. პოლონეთი;
3.4.6. საფრანგეთი;
3.4.7. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (შემდგომში „გაერთიანებული სამეფო“);
3.4.8. ჩინეთი;
3.4.9. გერმანია.
3.5. შემკვეთი, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ნივთის შეძენისას, მისი მიღების/ჩაბარების მისამართად უთითებს იმავე ქვეყანაში კომპანიის აგენტის ოფისის მისამართსა და მისთვის (შემკვეთისთვის) მინიჭებულ ოთახის ნომერს.
3.6. აგენტის ოფისი, შემკვეთის ნივთის მიღებას ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. შემკვეთის ნივთი აგენტის ოფისისთვის ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიღებაზე ქვეყნების მიხედვით ხელს აწერენ შემდეგი უფლებამოსილი პირები:
3.6.1. აშშ-ს მისამართზე: თამაზ დარჩიძე;
3.6.2. საბერძნეთის მისამართზე: ლალი ხუნჯუკაშვილი, კოტე შენგელია;
3.6.3. თურქეთის მისამართზე: ირაკლი ლომია;
3.6.4. იტალიის მისამართზე: მზია კოპალიანი;
3.6.5. პოლონეთის მისამართზე: ზურაბ სეფიაშვილი;
3.6.6. გაერთიანებული სამეფოს მისამართზე: გიორგი კუცია;
3.6.7. საფრანგეთის მისამართზე: ბაქარ ხარებავა.
3.6.8. ჩინეთის მისამართზე (თუ გზავნილი სახმელეთო გზით იგზავნება) : Li Zhexu.
3.6.9. ჩინეთის მისამართზე (თუ გზავნილი საჰაერო გზით იგზავნება) : 李朝武 (Li Chaowu)
3.6.10. გერმანიის მისამართზე: დავით ჩიტაძე.
3.7. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას შემკვეთის იმ ნივთთან/გზავნილთან დაკავშირებით, რომლის აგენტის ოფისში მიღებაც არ დასტურდება. თუ შემკვეთი ამტკიცებს, რომ ნივთი/გზავნილი ჩაბარებულია აგენტის ოფისისთვის, ის ვალდებულია კომპანიას წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის გადამზიდავი პირის მიერ შედგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. „Proof of delivery“), რომელშიც ნივთის/გზავნილის ჩაბარების ადგილად მითითებული იქნება აგენტის ოფისის მისამართი, ხოლო მისი ჩაბარება დადასტურებული იქნება პუნქტი 3.6-ში აღნიშნული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ასეთი დოკუმენტის წარდგენამდე, კომპანია მიიჩნევს რომ ნივთი აგენტის ოფისს არ ჩაბარებია.
3.8. აგენტის ოფისის მიერ ნივთის/გზავნილის მიღების თაობაზე შემკვეთს ინფორმაცია ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე და SMS შეტყობინების სახით.
3.9. შემკვეთის მიერ შეძენილი ნივთის პარამეტრები შეიძლება იყოს სტანდარტული ან გაბარიტული.
3.10. გზავნილი ჩაითვლება სტანდარტულად, თუ:
3.10.1. გზავნილის წონა არ აღემატება 30კგ.-ს (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ მისი გამოთვლა მოცულობითი წონით ხდება);
3.10.2. გზავნილის ზომა (თუ მისი წონის გამოთვლა არ ხდება მოცულობითი წონის მიხედვით) არ აღემატება პარამეტრებს: 1.05მX1.05მX1.05მ.
3.11. გზავნილი ჩაითვლება გაბარიტულად, თუ:
3.11.1. გზავნილის წონა აღემატება 30კგ-ს (მიუხედავად იმისა სტანდარტულად არის გამოთვლილი, თუ მოცულობითი წონის მიხედვით), მაგრამ არ აჭარბებს 200კგ-ს;
3.11.2. გზავნილის ზომა (თუ მისი წონის გამოთვლა არ ხდება მოცულობითი წონის მიხედვით) აღემატება 1.05მX1.05მX1.05მ, მაგრამ არ აჭარბებს 2მ X 2მ X 2მ პარამეტრს;
3.11.3. გზავნილი იგზავნება აშშ-დან და მისი შიგთავსი ავტომობილის ნაწილია.
3.12. გზავნილის წონის დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
3.12.1. ჩინეთიდან საჰაერო გზით გამოგზავნილ, ასევე პოლონეთში და გაერთიანებულ სამეფოში მიღებულ ნებისმიერი შიგთავსის მქონე გზავნილზე, აგრეთვე აშშ-ში მიღებულ გზავნილზე, რომლის შიგთავსიც ავტომობილის ნაწილია და ასევე ჩინეთიდან სახმელეთო გზით გამოგზავნილ გზავნილზე, რომლის ზომაც აღემატება 60სმX60სმX60სმ-ს, წონის დაანგარიშება ხდება მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესი მაჩვენებლით;
3.12.2. ყველა სხვა შემთხვევაში გზავნილის წონის დაანგარიშება ხდება სტანდარტული წესით.
3.13. აშშ-ს აგენტის ოფისში მიღებული გზავნილებისა და ჩინეთის აგენტების ოფისებზე დამისამართებული (როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით გამოსაგზავნი), გარდა ნებისმიერი სხვა ქვეყნის აგენტის ოფისებში მიღებული გზავნილები არ ექვემდებარება გადაფუთვას და ისინი შემკვეთს გადაეცემა იმ სახით, როგორითაც მოხდება გზავნილის აგენტის ოფისამდე ტრანსპორტირება.
3.14. გზავნილების საქართველოში ტრანსპორტირებას კომპანია ახორციელებს საჰაერო და/ან სახმელეთო გზით.
3.14.1. საჰაერო გზით ტრანსპორტირება ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან და შემდეგი სიხშირით:
ა) აშშ - კვირაში ერთხელ;
ბ) გაერთიანებული სამეფო - კვირაში ერთხელ (ხუთშაბათი);
გ) ჩინეთი - კვირაში ერთხელ (ოთხშაბათი).
3.14.2. სახმელეთო გზით ტრანსპორტირება ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან და შემდეგი სიხშირით:
ა) საფრანგეთი - კვირაში ერთხელ (ორშაბათი);
ბ)იტალია - კვირაში ორჯერ (ორშაბათი, მეორე დღე წინასწარ არ არის განსაზღვრული);
გ) საბერძნეთი- კვირაში ერთხელ (კვირა);
დ) პოლონეთი - კვირაში ერთხელ (ოთხშაბათი);
ე) თურქეთი - კვირაში ორჯერ (ოთხშაბათი, პარასკევი).
ვ) ჩინეთი - კვირაში ერთხელ (ორშაბათი);
ზ) გერმანია - კვირაში ერთხელ (შაბათი).
3.15. გზავნილის საქართველოში ტრანსპორტირების და ადრესატისთვის ჩაბარების ვადებია:
3.15.1. 3 - 5 სამუშაო დღე, თურქეთის აგენტის ოფისში მიღებულ გზავნილებზე;
3.15.2. 5-7 სამუშაო დღე, ჩინეთის აგენტის ოფისში მიღებულ და საჰაერო გზით ტრანსპორტირებულ მალეოს გზავნილებზე;
3.15.3. 30-40 სამუშაო დღე, ჩინეთის აგენტის ოფისში მიღებულ და სახმელეთო გზით ტრანსპორტირებულ გზავნილებზე;
3.15.4. 10 სამუშაო დღე, გერმანიის აგენტის ოფისში მიღებულ მალეოს გზავნილებზე;
3.15.5. 7-12 სამუშაო დღე, ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნების აგენტების ოფისში მიღებულ გზავნილებზე.
3.16. სერვისცენტრის, ხოლო გაბარიტული გზავნილის შემთხვევაში - მალეოს გაცემის ოფისის მიერ გზავნილის მიღების შემდეგ, შემკვეთს ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება შეტყობინება, რომელიც შეიცავს ვერიფიკაციის კოდსაც. აღნიშნული კოდის საშუალებით, შემკვეთს საშუალება აქვს გამარტივებული პროცედურებით ჩაიბაროს გზავნილი.
3.17. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთმა არ ისარგებლა მალეოს გზავნილის ადრესატის მისამართზე ჩაბარების დამატებითი სერვისით, მალეოს გზავნილის ჩაბარება ხდება სერვისცენტრში, ხოლო გაბარიტული გზავნილის - მალეოს გაცემის ოფისში, შემდეგი წესის დაცვით:
3.17.1. თუ გზავნილის ადრესატი ფიზიკური პირია, ხოლო გზავნილზე არ არის მოთხოვნილი სავალდებულო საბაჟო დეკლარირება და/ან გზავნილს არ აქვს დაზიანებულის სტატუსი, მისი ჩაბარება შესაძლებელია შემდეგი პირებისთვის:
ა) ადრესატი, თუ ის წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან მის ასლს;
ბ) ადრესატი ან მესამე პირი, თუ ის წარადგენს ვერიფიკაციის კოდს;
გ) მესამე პირი, თუ ის წარადგენს ადრესატის მინდობილობას, ან ადრესატის და საკუთარ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ან მის ასლებს.
3.17.2. თუ გზავნილის ადრესატი ფიზიკური პირია, ხოლო გზავნილი ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას და/ან აქვს დაზიანებულის სტატუსი, ის შეიძლება ჩაბარდეს მხოლოდ უშუალოდ ადრესატს ან მის მინდობილ პირს, პირადობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.
3.17.3. თუ გზავნილის ადრესატი იურიდიული პირია, ხოლო გზავნილი არ საჭიროებს სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას და/ან არ აქვს დაზიანებულის სტატუსი, მისი ჩაბარება შესაძლებელია შემდეგი პირებისთვის:
ა) ნებისმიერი პირისთვის, რომელიც წარადგენს ვერიფიკაციის კოდს;
ბ) დირექტორის ან მინდობილი პირისთვის, უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ან მისი ასლის წარმოდგენის საფუძველზე.
3.17.4. თუ გზავნილის ადრესატი იურიდიული პირია, ხოლო გზავნილი ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას და/ან აქვს დაზიანებულის სტატუსი, მისი ჩაბარება შესაძლებელია დირექტორის ან მინდობილი პირისთვის, უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
3.17.5. გზავნილი ჩაბარებულად ითვლება, თუ კომპანიის ელექტრონულ პროგრამაში განხორციელდება გზავნილის შესაბამისი ვერიფიკაციის კოდის ასახვა, ან გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილი ჩაბარებულად ითვლება, თუ ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირდება გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და გზავნილის მიღების დასტურად მიმღების მიერ განხორციელებული ხელმოწერა.
3.18. დადეკლარირებული მალეოს გზავნილის შპს „საქართველოს ფოსტაში“ შენახვის ვადაა მისი შპს „საქართველოს ფოსტის“ გაცვლის ცენტრში მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ადრესატისათვის ჩაუბარებელი მალეოს გზავნილი ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.
 
4. შეძენილი ნივთის დეკლარირება
4.1. შემკვეთი ვალდებულია, ვებგვერდის www.maleo.ge საშუალებით განახორციელოს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთის ზოგადი დეკლარირება. დეკლარირებისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემკვეთს.
4.2. შემკვეთმა, ნივთის ზოგადი დეკლარირებისას სავალდებულო წესით უნდა მიუთითოს გამყიდველი ინტერნეტ მაღაზიის სახელწოდება (ვებგვერდი), ნივთის დასახელება, გადახდილი თანხა და ვალუტა. ნივთის დეკლარირებასთან ერთად, საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით, შემკვეთს შესაძლებლობა აქვს ატვირთოს ნივთის შეძენისას ინტერნეტ მაღაზიის მიერ გაცემული ინვოისი. ასეთი დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულოა თუ შეძენილი ნივთის ღირებულება 300 ლარი ან მეტია.
4.3. ზოგადი დეკლარირება შესაძლებელია ნივთის შესყიდვიდან - მისი საქართველოში, კომპანიის გაცვლის ცენტრში შემოსვლამდე. თუ დროის ამ პერიოდში, შემკვეთი არ განახორციელებს ზოგად დეკლარირებას, მას ვებგვერდზე (www.maleo.ge) შეეზღუდება დეკლარირების განხორციელების შესაძლებლობა მანამ, სანამ კომპანია არ მოახდენს გზავნილის შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთვას. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემკვეთს კვლავ მიეცემა გზავნილის ზოგადი დეკლარირების განხორციელების შესაძლებლობა.
4.4. დაუდეკლარირებელი გზავნილის შემკვეთისთვის ჩაბარება არ ხდება. ასეთი გზავნილი პუნქტი 4.3.-ში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს. ამასთან, მიუხედავად გზავნილის ჩაუბარებლობისა, შემკვეთი არ თავისუფლდება გაწეული მომსახურების ღირებულების კომპანიისთვის გადახდის ვალდებულებისგან.
4.5. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი დეკლარირების დროს, ნივთის ფასის მითითებისას შემკვეთმა შეცდომა დაუშვა (არასწორადაა ჩაწერილი თანხის ოდენობა), მისი კორექტირება შესაძლებელია შემდეგი წესის დაცვით, თუ ნივთი :
4.5.1. არ არის შემოსული საქართველოში - კორექტირება შესაძლებელია თავად შემკვეთის მიერ, ვებგვერდზე www.maleo.ge მონაცემების ცვლილებით;
4.5.2. შემოსულია საქართველოში, შემკვეთმა შესაძლოა მიმართოს კომპანიის ნებისმიერ სერვისცენტრს ან ისარგებლოს ელექტრონული ფოსტით info@maleo.ge და კომპანიას წარუდგინოს: გზავნილის ინვოისი, განცხადება შპს „საქართველოს ფოსტისა“ და სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სახელზე და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე სათანადო წესით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (რწმუნებულება).
4.6. ზოგადი დეკლარირების გარდა, გზავნილი, მისი საქართველოში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა დაექვემდებაროს სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას. ამ შემთხვევაში, გზავნილის შემკვეთისთვის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ გზავნილის სავალდებულო საბაჟო დეკლარირების განხორციელების შემდეგ.
4.7. გზავნილის სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას შემკვეთი როგორც წესი ახორციელებს კომპანიის საშუალებით (სერვისცენტრში, გაცემის ოფისში ან დისტანციურად), თუმცა გზავნილში მოთავსებული ნივთის გათვალისწინებით ან/და საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ცალკეულ შემთხვევებში, გზავნილის სავალდებულო საბაჟო დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზი).
4.8. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება, ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევა და სხვა), საბაჟო ორგანო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას, კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს შემკვეთს.
 
5. მომსახურების საფასურის გამოთვლა და ანგარიშსწორების წესი
5.1. გზავნილის მომსახურების საფასური მითითებულია/განთავსებულია ვებგვერდზე www.maleo.ge და გამოითვლება შემდეგი წესით:
5.1.1. მომსახურების საფასური დგინდება გზავნილის წონის ნამრავლით 1 კგ-სთვის დადგენილ ტარიფზე, გარდა 5.1.2. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.1.2. მომსახურების საფასურის განსაზღვრა ხდება გზავნილის მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესი წონის ნამრავლით 1 კგ-სთვის დადგენილ ტარიფზე, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ჩინეთიდან საჰაერო გზით გამოგზავნილ, ასევე პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან გამოგზავნილ გზავნილზე;
ბ) აშშ-დან გამოგზავნილ იმ გზავნილზე, რომლის შიგთავსიც ავტომობილის ნაწილია;
გ) ჩინეთიდან გამოგზავნილ სახმელეთო გზით გამოგზავნილ გზავნილზე, რომლის ზომაც აღემატება 60სმX60სმX60სმ-ს.
5.2. მომსახურების საფასურის გამოთვლის მიზნით, გზავნილის წონის დამრგვალება ხდება შემდეგნაირად, თუ გზავნილის წონა:
5.2.1. 100 გრ-ზე ნაკლებია, ის მრგვალდება 100 გრამამდე;
5.2.2. 100 გრ-ზე მეტია, წონა ქვეყნების მიხედვით მრგვალდება შემდეგნაირად:
ა) აშშ - 50 გრამამდე;
ბ) ჩინეთი - 100 გრამამდე;
გ) ყველა სხვა დანარჩენი ქვეყანა - 20 გრამამდე.
5.3. უცხოურ ვალუტაში განსაზღვრული მომსახურების საფასურის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის კურსი განისაზღვრება კომპანიის მიერ გზავნილის საქართველოში მიღებისა და რეგისტრაციის დღეს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ დადგენილი ვალუტის კომერციული კურსის შესაბამისად. სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილის შემთხვევაში, კომპანიის მიერ დეკლარირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების საფასური განისაზღვრება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი ტარიფით.
5.4. შემკვეთის მიერ მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ გზავნილის საქართველოში მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
5.5. შემკვეთის მიერ გზავნილებთან დაკავშირებული მომსახურების (ტრანსპორტირების, დაზღვევის, საბაჟო დეკლარაციის მომზადებისა და ადრესატის მისამართზე მიტანის სერვისის) საფასურის გადახდა შესაძლებელია www.maleo.ge ვებგვერდიდან. გადახდის განსახორციელებლად საჭიროა შემკვეთის ბალანსზე ფიქსირდებოდეს მომსახურების შესაბამისი თანხა. ბალანსის შევსება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ან www.maleo.ge ვებგვერდიდან ღილაკით „ბალანსის შევსება“. ბალანსის შევსებისას შემკვეთი დამატებით იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მომსახურების საკომისიოს.
5.6. მომსახურების საფასურის გადახდა აგრეთვე შესაძლებელია ბონუს პროგრამის ფარგლებში დაგროვილი ქულებით, თუ მათი რაოდენობა საკმარისია გასატან გზავნილ(ებ)თან დაკავშირებული მომსახურების საფასურისა და მასთან ერთად არსებული დავალიანების დასაფარად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.7. შემკვეთი თავისუფლდება გზავნილის სავალდებულო საბაჟო დეკლარაციის მომზადების საფასურის გადახდისგან, თუ ასეთი დეკლარირება შპს „საქართველოს ფოსტის“ ნაცვლად ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზი).
5.8. შემკვეთს უფლება აქვს უკან დაიბრუნოს მის ბალანსზე არსებული თანხა, თუ ის განცხადებით მიმართავს კომპანიას და წარუდგენს საგადასახადო დავალებას, რომლითაც დგინდება განმცხადებლის მიერ მალეოს ბალანსის შევსების ფაქტი.
 
6. დამატებითი სერვისები
6.1. შემკვეთს საშუალება აქვს ისარგებლოს შემდეგი დამატებითი სერვისებით:
6.1.1. ბონუს პროგრამა;
6.1.2. გზავნილის დაზღვევა;
6.1.3. ცნობა მომსახურების შესახებ;
6.1.4. გზავნილის გადამისამართება;
6.1.5. გზავნილის ადრესატის მისამართზე ჩაბარების სერვისი.
6.1.6. სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილის დისტანციური დეკლარირება.
6.2. ბონუს პროგრამა
ბონუს პროგრამა საშუალებას აძლევს შემკვეთს, ყოველი გზავნილის მომსახურების საფასურის გადახდიდან, ქულების სახით პირად ანგარიშზე დაიბრუნოს გადახდილი თანხის 5%-მდე. დაგროვილი ქულებით შესაძლებელია გზავნილთან დაკავშირებული მომსახურებების საფასურის გადახდა, თუ მათი რაოდენობა საკმარისია გასატან გზავნილ(ებ)თან დაკავშირებული მომსახურების საფასურისა და მასთან ერთად არსებული დავალიანების დასაფარად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.3. გზავნილის დაზღვევა
6.3.1. შემკვეთს შესაძლებლობა აქვს შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, www.maleo.ge ვებგვერდის საშუალებით, დააზღვიოს გზავნილი მისი დაკარგვისა და გარეგანი დაზიანების რისკისგან, თუ ასეთი გარეგანი დაზიანება იწვევს მისი შიგთავსის დაზიანებას ან დაკარგვას.
6.3.2. დაზღვევის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ გზავნილის ზოგადი დეკლარირების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს აგენტის ოფისში გზავნილის მიღებისა და არაუგვიანეს აღნიშნული ოფისის დატოვებისა.
6.3.3. გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია არაუმეტეს მისი რეალური ღირებულებით. ამასთან, დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 10 000 ლარს.
6.3.4. დაზღვევის საფასურის გადახდა შესაძლებელია მომსახურების საფასურის დათვლისა და კომპანიის პროგრამაში გზავნილის რეგისტრაციის შემდეგ.
6.3.5. აკრძალული ნივთების დაზღვევა დაუშვებელია. ასეთი ნივთების დაზღვევის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ფოსტა“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
6.3.6. დაზღვევა არ ვრცელდება მსხვრევადი სახის ნივთებზე (ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო; მინისგან დამზადებული ნებისმიერი ნივთი ან/და სხვა);
6.3.7. დაზღვევით არ იფარება გზავნილის ისეთი გარეგნული დაზიანება, რომელიც არ იწვევს შიგთავსის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებას.
6.4. ცნობა მომსახურების შესახებ
6.4.1. შემკვეთს უფლება აქვს დამატებით ისარგებლოს გამოგზავნილი/ჩაბარებული გზავნილის შესახებ ინფორმაციის (ცნობის) მიღების მომსახურებით შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
6.5. გზავნილის გადამისამართება
6.5.1. შემკვეთს საშუალება აქვს გზავნილზე მისამართის ცვლილება განახორციელოს:
ა) უფასოდ - მალეოს ვებგვერდიდან, თუ გზავნილს არ დაუტოვებია აგენტის ოფისი;
ბ) საფასურის სანაცვლოდ - მალეოს გზავნილის საქართველოში ტრანსპორტირებისა და მისი კომპანიის მიერ რეგისტრაციის შემდეგ.
6.5.2. მისამართის ცვლილების ფასიანი სერვისი გულისხმობს შემკვეთის შესაძლებლობას გზავნილის დანიშნულების სერვისცენტრში მიღების შემდეგ, მოითხოვოს მისი სხვა სერვისცენტრში გადამისამართება. აღნიშნულ სერვისთან ერთად, შემკვეთს შეუძლია ასევე ისარგებლოს მისამართზე ჩაბარების სერვისითაც და გზავნილი მიიღოს მისთვის სასურველ მისამართზე.
6.5.3. გაბარიტულ გზავნილებზე მისამართის ცვლილების და მისამართზე ჩაბარების სერვისი არ ვრცელდება.
6.5.4. გზავნილის შემკვეთის ვინაობის (სახელის, გვარის/სახელწოდების) ცვლილება არ არის შესაძლებელი. შემკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ ვინაობაში დაშვებული შეცდომის გასწორება, რისთვისაც მან მოთხოვნა უნდა გააგზავნოს ელ.ფოსტაზე info@maleo.ge. მოთხოვნასთან ერთად სავალდებულოა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დართვაც. იმავე მოთხოვნით შემკვეთს უფლება აქვს მიმართოს სერვისცენტრს.
6.6. გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი
6.6.1. შემკვეთს უფლება აქვს ისარგებლოს გზავნილის მისამართზე ჩაბარების დამატებითი სერვისით, ვებგვერდზე www.maleo.ge შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით. ასეთ შემთხვევაში, გზავნილის ჩაბარება ხორციელდება იმ მისამართზე, რომელიც შემკვეთს მითითებული აქვს ვებ.გვერდზე რეგისტრაციისას.
6.6.2. გზავნილის მისამართზე ჩაბარების (საკურიერო) სერვისი ქ. თბილისის მასშტაბით ერთჯერადად ხორციელდება უსასყიდლოდ, ხოლო ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ - კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. მომსახურების საფასურის გადახდა შემკვეთის მიერ ხორციელდება ამ დოკუმენტის 5.5. პუნქტის შესაბამისად.
6.6.3. ვებგვერდზე www.maleo.ge სერვისი (როგორც ფასიანი, ასევე უფასო) აქტიურდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ:
ა) შემკვეთის სახელზე, ერთი რეისის ქვეშ გაერთიანებული და ერთ მისამართზე დამისამართებული გზავნილების საერთო წონა ტოლია ან ნაკლებია 10 კგ-ზე;
ბ) შემკვეთს დაფარული აქვს კომპანიის მიერ გაწეული ყველა მომსახურების (ტრანსპორტირების, დეკლარირების, დაზღვევის) ღირებულება.
6.6.4. შემკვეთის მიერ ადგილზე ჩაბარების (საკურიერო) სერვისით სარგებლობისას, კომპანიის კურიერი გზავნილის ჩაბარებას უზრუნველყოფს:
6.6.4.1. საქართველოს მასშტაბით იმ ქალაქებში, სადაც მდებარეობს კომპანიის სერვისცენტრები:
ა) არაუგვიანეს შეკვეთის მიღების დღისა, თუ შეკვეთა მიღებულია სამუშაო დღის 12:00 საათამდე;
ბ) არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღის 12:00 საათისა, თუ შეკვეთა მიღებულია წინა სამუშაო დღის 12:00 საათის შემდეგ.
6.6.4.2. საქართველოს მასშტაბით სხვა ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არ მდებარეობს კომპანიის სერვისცენტრი, შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღის ბოლომდე.
6.6.5. გზავნილის ჩაბარების მიზნით, კურიერი შემკვეთის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად ვიზიტს. გზავნილი (მათ შორის, დაზღვეულიც) ბარდება პირს, რომელიც კურიერს წარუდგენს ვალიდურ ვერიფიკაციის კოდს. თუ ვერიფიკაციის კოდის წარმოდგენა ვერ ხდება, გზავნილი ბარდება შემკვეთის მისამართზე, შემდეგი წესის დაცვით:
6.6.5.1. ფიზიკურ პირზე დამისამართებული გზავნილი, თუ შემკვეთის მისამართად მითითებულია:
6.6.5.2. საცხოვრებელი ბინის/სახლის მისამართი, მალეოს გზავნილი, თუ ის დაზღვეულია, ბარდება მხოლოდ უშუალოდ შემკვეთს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მისი ასლის წარმოდგენის საფუძველზე. თუ მალეოს გზავნილი არ არის დაზღვეული, ის გარდა შემკვეთისა, შეიძლება ჩაბარდეს მისამართზე მყოფ სრულწლოვან პირს, რომელიც კურიერს წარუდგენს ვერიფიკაციის კოდს ან საკუთარ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან მის ასლს და განუცხადებს, რომ ცხოვრობს ამ მისამართზე და იცნობს შემკვეთს.
6.6.5.3. იურიდიული პირის მისამართი, გზავნილი, თუ ის დაზღვეულია, ბარდება მხოლოდ უშუალოდ შემკვეთს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მისი ასლის წარმოდგენის საფუძველზე. თუ გზავნილი არ არის დაზღვეული, ის გარდა შემკვეთისა შეიძლება ჩაბარდეს კანცელარიას ან იმავე ფუნქციის მატარებელ სხვა სტრუქტურულ ერთეულს. თუ იურიდიულ პირს არ აქვს კანცელარია (ან იმავე ფუნქციის მატარებელი სხვა სტრუქტურული ერთეული), გზავნილი შეიძლება ჩაბარდეს იქ მომუშავე ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც კურიერს განუცხადებს, რომ იცნობს შემკვეთს და წარუდგენს ვერიფიკაციის კოდს ან საკუთარ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან მის ასლს.
6.6.5.4. იურიდიულ პირზე დამისამართებული გზავნილი (მათ შორის, დაზღვეულიც) ბარდება დირექტორს, კანცელარიას ან იმავე ფუნქციის მატარებელ სხვა სტრუქტურულ ერთეულს. თუ იურიდიულ პირს არ აქვს კანცელარია (ან იმავე ფუნქციის მატარებელი სხვა სტრუქტურული ერთეული), დაზღვეული გზავნილი ბრუნდება უკან, ხოლო გზავნილი, რომელიც არ არის დაზღვეული, შეიძლება ჩაბარდეს იქ მომუშავე ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც კურიერს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ან მის ასლს.
6.6.6. თუ შემკვეთის მიერ მისამართზე ჩაბარების სერვისი მოთხოვნილია გზავნილზე, რომელიც სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაექვემდებარა, მისი ადრესატისთვის ჩაბარების მიმართ 6.6.5. პუნქტის განსაზღვრული დებულებების ნაცვლად გამოიყენება შემდეგი წესები:
6.6.6.1. თუ გზავნილის შემკვეთი: ფიზიკური პირია - გზავნილის ჩაბარება ხდება უშუალოდ მისთვის ან მინდობილი პირისთვის, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე: იურიდიული პირია - გზავნილი ბარდება დირექტორს ან მინდობილ პირს, უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
6.6.6.2. გზავნილის ჩაბარებამდე, კურიერი ახდენს შემკვეთის იდენტიფიცირებას, ხელს აწერინებს მას დეკლარაციაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემს გზავნილს. დეკლარაციის მეორე ეგზემპლართან ერთად.
6.6.7. გზავნილი კურიერის მიერ ჩაბარებულად ითვლება, თუ შესაბამის ელექტრონულ მოწყობილობაში განხორციელდება გზავნილის შესაბამისი ვერიფიკაციის კოდის ასახვა, ან გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ხოლო სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ დაფიქსირდება გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და გზავნილის მიღების დასტურად მიმღების მიერ განხორციელებული ხელმოწერა.
6.6.8. იმ შემთხვევაში, თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია შემკვეთის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ან კურიერს არავინ დახვდება მისამართზე, ან პირი (თუ ის არ არის უშუალოდ შემკვეთი) უარს განაცხადებს გზავნილის მიღებაზე, კურიერი დატოვებს შეტყობინებას, რომელშიც მიუთითებს სერვისცენტრის მისამართს, სადაც შემკვეთს შეუძლია მიაკითხოს გზავნილს.
6.6.9. კურიერის მიერ შეტყობინების დატოვება ხორციელდება მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, რომელიც განაცხადებს, რომ ცხოვრობს/მუშაობს შემკვეთთან ერთად. ყველა სხვა შემთხვევაში, კურიერი შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება. ასეთ შემთხვევაში შემკვეთის მიერ გზავნილის მიღება შესაძლებელი იქნება კომპანიის სერვისცენტრიდან გატანის გზით. ამასთან, შემკვეთს აქვს შესაძლებლობა, მომსახურების ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, ხელმეორედ ისარგებლოს გზავნილის ჩაბარების (საკურიერო) სერვისით. სერვისის შეკვეთა შესაძლებელია კომპანიის ქოლცენტრში დარეკვით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
6.6.10. კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ გზავნილის შემკვეთის მისამართზე ჩაბარება ვერ განხორციელდება კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მისამართზე არყოფნა, არასწორი მისამართი და ა.შ.).
6.7. დისტანციური დეკლარირება:
6.7.1. შემკვეთს (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს) საშუალება აქვს სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებულ გზავნილ(ებ)ზე მოითხოვოს დეკლარირების დისტანციურად განხორციელება.
6.7.2. ერთი რეისისა და ინტერნეტმაღაზიის ქვეშ გაერთიანებული გზავნილების დეკლარირება ხდება ერთიანად და მომხმარებელი იხდის ერთ ტარიფს.
6.7.3. დეკლარირების ღირებულების გადახდა ხდება სერვისის შეკვეთისთანავე, თანხის შემკვეთის ბალანსიდან ავტომატური ჩამოჭრის გზით.
6.7.4. სერვისით დაინტერესებული მომხმარებელი ვებგვერდზე www.maleo.ge ახდენს შემდეგი დოკუმენტების ატვირთვას და დეკლარირების სერვისის მოთხოვნის დადასტურებას:
6.7.4.1. ფიზიკური პირი
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ინვოის(ებ)ი;
გ) საქონლის გაფორმების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
6.7.4.2. იურიდიული პირი
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ინვოის(ებ)ი;
გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
დ) მინდობილობა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის დეკლარირება ხორციელდება მინდობილი პირის მიერ ან/და გზავნილი უნდა გაიცეს კომპანიის მინდობილ პირზე);
ე) საქონლის გაფორმების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
6.7.5. დეკლარირების პროცესის დასრულების შემდეგ, შემკვეთთან იგზავნება SMS შეტყობინება დეკლარაციის პროცესის დასრულების თაობაზე, რის შემდეგაც შემკვეთს საშუალება აქვს დადეკლარირებულ გზავნილზე გაააქტიუროს მისამართზე ჩაბარების სერვისი ან გზავნილი გაიტანოს სერვისცენტრიდან.
 
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. შემკვეთს უფლება აქვს:
7.1.1. მოსთხოვოს კომპანიას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება;
7.1.2. მოსთხოვოს კომპანიას განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად;
7.1.3. ისარგებლოს ბონუს პროგრამით და გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდილი თანხიდან პირად ანგარიშზე ქულების სახით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 5%-მდე.
7.2. შემკვეთი ვალდებულია:
7.2.1. დროულად და სრულად გადაუხადოს კომპანიას გაწეული მომსახურების საფასური, აგრეთვე ნებისმიერი ჯარიმა/საურავი, რომელიც დაეკისრება კომპანიას, შემკვეთის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო;
7.2.2. დროულად გადასცეს კომპანიას გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად აუცილებელი მითითებები, მიაწოდოს საბაჟო ფორმალობებისა და სხვა მოქმედებების შესასრულებლად საჭირო და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად აუცილებელი ცნობები, აგრეთვე აღნიშნული ცნობების უტყუარობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები;
7.2.3. არ დაუკვეთოს კომპანიას აკრძალული შიგთავსის მქონე გზავნილების გადაზიდვის მომსახურება;
7.2.4. საფრთხის შემცველი გზავნილის არსებობისას გააფრთხილოს კომპანია საფრთხის ზუსტი სახეობისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომებზე მითითებით;
7.2.5. გზავნილის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო გადაზიდვის მოთხოვნების დაცვის მიზნით უზრუნველყოს, რომ გზავნილი სათანადოდ იყოს შეფუთული;
7.2.6. სრულად აუნაზღაუროს კომპანიას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი.
7.3. კომპანიას უფლება აქვს:
7.3.1. მოსთხოვოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
7.3.2. უარი თქვას მომსახურების მიწოდებაზე, თუ გზავნილის მოცულობა/წონა აღემატება წინამდებარე ხელშეკრულებით და Maleo.ge -ს ვებ გვერდით გათვალისწინებულ პარამეტრებს;
7.3.3. შემკვეთის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო კომპანიისთვის ნებისმიერი ჯარიმის/საურავის დაკისრების შემთხვევაში, მისი გადახდა დააკისროს შემკვეთს.
7.3.4. უარი თქვას დამატებითი მომსახურების მიწოდებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას;
7.3.5. არ გასცეს შემკვეთის სახელზე არსებული გზავნილ(ებ)ი, დავალიანების დაფარვამდე, იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს კომპანიის წინაშე ერიცხება რაიმე სახის დავალიანება;
7.3.6. გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გაუვნებელყოს გზავნილი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში კომპანია თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
 
8. კომპანიის პასუხისმგებლობა
8.1. კომპანიის პასუხისმგებლობის მოცულობა შემკვეთის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან გაუფრთხილებლობით) იქნება გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება შემკვეთის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.
8.2. კომპანია მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, გზავნილის (მათ შორის, დაზღვეულის):
8.2.1. მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვით. ამასთან, გზავნილი დაკარგულად ითვლება, თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა პრეტენზიის მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში;
8.2.2. გზავნილის გარეგანი დაზიანებით, თუ ასეთი დაზიანება იწვევს მისი შიგთავსის დაზიანებას. ამასთან, გზავნილის გარეგანი დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, თუ დაზიანების ფაქტი აღმოჩენილია კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, გზავნილის შემკვეთისთვის ჩაბარებამდე, რის შესახებაც მხარეთა ხელმოწერით შედგენილია შესაბამისი აქტი.
8.3. კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
8.3.1. თუ გზავნილის ჩაბარება მომხდარია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
8.3.2. იმ გზავნილების მიმართ, რომლის შემკვეთისთვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა შემკვეთისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია;
8.3.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
8.3.4. შემთხვევებში, როცა კომპანიას არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურებრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო;
8.3.5. იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;
8.3.6. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
8.3.7. თუ გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);
8.3.8. გამომგზავნი ან მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, გზავნილის ნებისმიერი გადასახადით/მოსაკრებლებით დაბეგვრის შემთხვევაში;
8.3.9. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის: ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო, მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);
8.3.10. გადაზიდვისთვის შეუსაბამოდ/არასაკმარისად/არასათანადოდ შეფუთულ ნივთებზე;
8.3.11. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით შემკვეთი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
8.3.12. თუ გზავნილის დაკარგვა ან მისი შიგთავსის დანაკლისი გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით, ან შიგთავსის თვისებებით;
8.3.13. გზავნილის შიგთავსის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, თუ აღნიშნული გზავნილი კომპანიის აგენტის ოფისში ჩაბარებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;
8.3.14. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია მისი შიგთავსის დაზიანება;
8.3.15. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია;
8.3.16. იმ გზავნილის დაკარგვაზე, რომლის მიღებას კომპანიის აგენტის ოფისი არ ადასტურებს, ხოლო შემკვეთი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ქვეყნის გადამზიდავის მიერ აგენტის ოფისისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც ხელმოწერილი იქნება აგენტის ოფისის ამ დოკუმენტის 3.6. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (საკმარისად არ ჩაითვლება ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მხოლოდ კლავიატურის მეშვეობით დაბეჭდილია უფლებამოსილი პირის სახელი/გვარი ან ხელმოწერის ნაცვლად მითითებულია სიმბოლოები).
8.4. კომპანია ზიანს ანაზღაურებს შემდეგი ოდენობით:
8.4.1. დაზღვეული გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში - დაზღვევის თანხის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ნივთის ნასყიდობის დოკუმენტში (ინვოისში) ან დეკლარაციაში მითითებული ღირებულებისა. ამასთან, დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს - 10 000 ლარს. ამასთან, თუ გადახდილია მომსახურების საფასური, ის ასევე უბრუნდება შემკვეთს.
8.4.2. დაუზღვეველი გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში - ზოგადი დეკლარირებისა და ნასყიდობის დოკუმენტში (ინვოისში) მითითებული გზავნილის შიგთავსის ღირებულების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ასევე შემკვეთის მიერ უკვე გადახდილი ტრანსპორტირების ღირებულება.
8.4.3. გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის ან გზავნილის გარეგანი დაზიანების (რომელიც იწვევს შიგთავსის დაზიანებას) შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი აღმოჩენილია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებამდე და შედგენილია შესაბამისი აქტი ადრესატისა და შპს „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით, შპს „საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:
8.4.3.1. დაზღვეული გზავნილის გარეგანი დაზიანების (რომელიც იწვევს შიგთავსის დაზიანებას) და/ან შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში - დაზიანებული/დაკარგული ნივთის ღირებულების ოდენობით, რომელიც ზოგად დეკლარაციაში მითითებული ასეთი ნივთის ღირებულების იდენტურია. ამასთან, დაკარგული/დაზიანებული ნივთის დაზღვევის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის დოკუმენტში (ინვოისში) მითითებულ ოდენობას, ხოლო დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 10 000 ლარს;
8.4.3.2. დაუზღვეველი გზავნილის გარეგანი დაზიანების (რომელიც იწვევს შიგთავსის დაზიანებას) და/ან გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში - დაზიანებული/დაკარგული ნივთის ღირებულების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
8.4.4. თუ ზოგადი დეკლარირებისა და ნასყიდობის დოკუმენტში (ინვოისში) მოცემული ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება ნივთის ნაკლები ღირებულება.
 
9. რეკლამაციის (პრეტენზიის) განხილვა და ზიანის ანაზღაურების წესი
9.1. შემკვეთს უფლება აქვს მიმართოს კომპანიას რეკლამაციით (პრეტენზიით), არაუგვიანეს გზავნილის აგენტის ოფისში მიღებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.
9.2. კომპანიას უფლება აქვს 9.1. პუნქტში აღნიშნული ვადის დარღვევით მიღებული რეკლამაცია განუხილველი დატოვოს და აცნობოს ამის შესახებ რეკლამაციის ავტორს.
9.3. რეკლამაციის წარდგენის უფლება აქვს გზავნილის შემკვეთს ან მის წარმომადგენელს, უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე.
9.4. რეკლამაციის შესახებ განცხადება კომპანიას წარედგინება წერილობით, ხელმოწერილი სახით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
9.4.1. განმცხადებელი ფიზიკური პირის სახელი და გვარი, იურიდიული პირის შემთხვევაში -სახელწოდება, ასევე განმცხადებლის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
9.4.2. გზავნილის მონაცემები, რომელსაც ეხება რეკლამაცია;
9.4.3. რეკლამაციის შინაარსი;
9.4.4. პასუხის მიღების სასურველი ფორმა (ზეპირად, წერილობით - მატერიალური დოკუმენტის სახით, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით).
9.5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
9.5.1. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ამასთან, თუ განმცხადებელი შემკვეთის წარმომადგენელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
9.5.2. თუ განცხადება შეეხება აგენტის ოფისის მიერ შემკვეთის გზავნილის მიუღებლობას - შესაბამისი ქვეყნის გადამზიდავის მიერ აგენტის ოფისისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება აგენტის ოფისის ამ დოკუმენტის 3.2. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (საკმარისად არ ჩაითვლება ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მხოლოდ კლავიატურის მეშვეობით დაბეჭდილია უფლებამოსილი პირის სახელი/გვარი ან ხელმოწერის ნაცვლად მითითებულია სიმბოლოები).
9.5.3. თუ განცხადება შეეხება გზავნილის დაკარგვას ან დაზიანებას, ნებისმიერი დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს დაკარგული/დაზიანებული საფოსტო გზავნილის ღირებულებას (ნივთის ნასყიდობის და მისი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი); ვებ-გვერდზე (www.maleo.ge) შესრულებული გზავნილის ზოგადი დეკლარირების სქრინი);
9.6. რეკლამაციის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენა განმცხადებელს შეუძლია შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე info@maleo.ge; info@gpost.ge, ან ვებგვერდზე www.gpost.ge ციფრული სერვისის გამოყენებით.
9.7. კომპანია რეკლამაციის განცხადებას იხილავს უსასყიდლოდ.
9.8. რეკლამაციის განხილვის პროცესში კომპანიას უფლება აქვს მოსთხოვოს განმცხადებელს ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტის/მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს განმცხადებლის პრეტენზიას.
9.9. მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს რეკლამაცია და აცნობოს ამის შესახებ რეკლამაციის ავტორს.
9.10. კომპანია რეკლამაციის განცხადებას იხილავს მისი მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს აცნობებს მის მიერ შერჩეული ფორმით. ამასთან, თუ აღნიშნულ ვადაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, განმცხადებელს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ეცნობება რეკლამაციის განხილვის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საბოლოო პასუხი მიეცემა რეკლამაციის განხილვის დასრულებისთანავე, მაგრამ არაუმეტეს კომპანიის მიერ რეკლამაციის მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.
9.11. თუ რეკლამაციის განხილვის პროცესში კომპანიის მიერ განმცხადებლისგან მოთხოვნილია დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, მის წარმოდგენამდე რეკლამაციის განხილვის ვადის დენა ჩერდება.
9.12. კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ასეთი ანაზღაურება წარმოებს ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შემკვეთის მიერ საბანკო ანგარიშის მონაცემების წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
9.13. ზიანის ანაზღაურება წარმოებს შემკვეთის მიმართ. ამასთან, შემკვეთს უფლება აქვს, ანაზღაურების მიღების უფლება დაუთმოს მესამე პირს, თუ ამის შესახებ წერილობით აცნობებს შპს „საქართველოს ფოსტას“.
9.14. თუ ანაზღაურების შემდეგ დაკარგული გზავნილი მოძიებული იქნება, კომპანია ამის შესახებ აცნობებს შემკვეთს და განუმარტავს, რომ მას ერთი თვის ვადაში უფლება აქვს მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების სანაცვლოდ, მიიღოს მოძიებული გზავნილი. თუ შემკვეთი შეტყობინების მიღების დღიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებს კომპანიას საკუთარი სურვილის შესახებ, ან ამავე ვადაში უარს განაცხადებს გზავნილის მიღებასა და თანხის დაბრუნებაზე, გზავნილი გადავა კომპანიის საკუთრებაში.
 
10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულება
10.1. შემკვეთი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.maleo.ge და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, შემკვეთი აცხადებს თანხმობას კომპანიისთვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) დამუშავებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მიზნით.
10.2. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ შემკვეთის მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. ამასთან, პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:
10.2.1. შემკვეთისათვის მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, შემკვეთის ვებგვერდზე www.maleo.ge რეგისტრაციის შედეგად შექმნილი პირადი ანგარიშის, შეკვეთების და მოთხოვნების მართვის, მოთხოვნილი პროდუქტის/სერვისის ან/და ინფორმაციის მიწოდების ან/და განცხადების/საჩივრის/ რეკლამაციის განხილვის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია შემკვეთის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად კომპანიის მიერ შემკვეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
10.2.2. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კომპანიის შესახებ ინფორმაციის, ახალი პროდუქტების/სერვისების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მიწოდების/გაცნობის მიზნით;
10.2.3. საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით;
10.2.4. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვის მიზნით;
10.2.5. კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით.
10.3. კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს შემკვეთის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
10.3.1. არსებობს შემკვეთის თანხმობა;
10.3.2. კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან შემკვეთმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
10.3.3. აუცილებელია ასეთი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა წინამდებარე ხელშეკრულების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით. ამასთან, შემკვეთი აცხადებს, რომ ინფორმირებულია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც არ შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2026 წლის 14 აპრილის №007 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში და თანახმაა, მომსახურების გაწევის მიზნით მისი პერსონალური მონაცემები გადაეცეს ასეთ სახელმწიფოს.
10.4. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს შემკვეთის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
10.5. შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად მიაწოდოს მას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია, გააცნოს მის შესახებ არსებული მონაცემები და უსასყიდლოდ ან გონივრული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიაწოდოს ამ მონაცემების ასლები, გაასწოროს, განაახლოს ან შეავსოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემები, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან შემკვეთს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს უარის გასაჩივრების წესი, დაბლოკოს ან გადაიტანოს მონაცემები.
10.6. შემკვეთს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება ან განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
10.7. შემკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით. ამ შემთხვევაში, შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეწყდება მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
 
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
11.1. შემკვეთისა და კომპანიის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. მხარეებს შორის წარმოშობილი დავა განიხილება და გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.
 
12. სხვა დებულებები
12.1. მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ მომსახურების მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია შემკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
12.2. შემკვეთი აცხადებს, რომ მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტები არის ნამდვილი.
12.3. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაამჟღავნებენ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ერთმანეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, გარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევისა. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
12.4. კომპანია უფლებას იტოვებს შემკვეთთან შეთანხმების გარეშე შეცვალოს მომსახურების წესები და პირობები (მათ შორის, მომსახურების ტარიფები), რაც განთავსდება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.maleo.ge და ძალაშია შემკვეთის დამატებითი შეტყობინების/თანხმობის გარეშე.