მალეოს პროდუქტით სარგებლობისას შპს „საქართველოს ფოსტის“ მომსახურების წესები და პირობები

(ხელშეკრულების სტანდარტული პირობები)

ერთი მხრივ, შპს „საქართველოს ფოსტა“ (ს/ნ: 203836233; მის: საქართველო, თბილისი, სადგურის მოედანი №2, 0100; ელექტრონული პლატფორმა: https://www.maleo.ge/, ტელ: 0322-24-09-09) (შემდეგში-„ექსპედიტორი“), 
 
და 
 
მეორე მხრივ, ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდეგში - „შემკვეთი“), რომელიც სარგებლობს შპს „საქართველოს ფოსტის“ მომსახურებით და აცხადებს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე, 
 
თანხმდებიან შემდეგზე: 
 
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემკვეთის დავალებით გამყიდველი ორგანიზაციის (ინტერნეტ მაღაზია (ვებგვერდი), საიდანაც შემკვეთის მიერ ხდება შესაბამისი პროდუქციის შეძენა) მიერ გაგზავნილი და ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრში მიღებული გზავნილის საქართველოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურების (შემდეგში - მომსახურება) გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი უზრუნველყოფს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე.
1.2. შემკვეთი სარგებლობს ექსპედიტორის მომსახურებით ვებგვერდზე www.maleo.ge რეგისტრაციის, წინამდებარე მომსახურების წესებისა და პირობების (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) მიღების/დადასტურებისა და ოთახის ნომრის მინიჭების საფუძველზე, რომელიც ფიქსირდება გზავნილზე თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციასა და ექსპედიტორის მონაცემთა ბაზაში.
შენიშვნა: რეგისტრაციის მიზნით ვებგვერდზე - www.maleo.ge, ფიზიკური პირი ავსებს ყველა სავალდებულო მონაცემს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ელ.ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), იურიდიული პირი გადადის შესაბამის ფუნქციონალში - „კომპანიებისთვის“ და ავსებს ყველა სავალდებულო მონაცემს (კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი). გასათვალისწინებელია, რომ ინდექსი წარმოადგენს მისამართის სავალდებულო კომპონენტს, რომლის არასწორად მითითებამ შესაძლოა გამოიწვიოს გზავნილის არასწორ სერვისცენტრში ტრანსპორტირება და შემკვეთს მოუწევს მისამართის ცვლილების ფასიანი სერვისით სარგებლობა. მონაცემების შეყვანის შემდეგ შემკვეთს ენიჭება მისამართ(ებ)ი და ოთახის ნომერი. ამასთან, თუ შემკვეთი რეგისტრირდება საქართველოს მისამართით, მას ენიჭება როგორც აშშ-ს, ასევე საბერძნეთის, თურქეთის, ესპანეთის, იტალიისა და პოლონეთის მისამართები.
 
2. მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი
2.1. გზავნილის ტრანსპორტირების მომსახურების საფასური მითითებულია ვებგვერდზე www.maleo.ge და გამოითვლება შემდეგი წესით:
2.1.1. საქართველოზე დამისამართებული გზავნილის მომსახურების საფასური განისაზღვრება გზავნილის წონის ნამრავლით 1 კგ-სთვის დადგენილ ტარიფზე, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 2.1.2. და 2.1.3. პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, თუ გზავნილის წონა 100 გრამზე ნაკლებია, საფასურის გამოთვლის მიზნით, გზავნილის წონად მიჩნეული იქნება 100 გრამი, ხოლო აშშ-დან საქართველოზე დამისამართებული 100 გრამს ზევით გზავნილის წონა დამრგვალება 50 გრამამდე.
2.1.2. პოლონეთიდან საქართველოზე დამისამართებული გზავნილის მომსახურების საფასური განისაზღვრება გზავნილის მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესი წონის ნამრავლით 1 კგ-სთვის დადგენილ ტარიფზე.
2.1.3. აშშ-დან საქართველოზე დამისამართებული გზავნილით ავტომობილის ნაწილების გამოგზავნისას მომსახურების საფასური განისაზღვრება გზავნილის მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესის ნამრავლით 1 კგ-სთვის დადგენილ ტარიფზე.
შენიშვნა: გზავნილის მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: გზავნილის სიგრძე(სმ) X სიგანე (სმ) X სიმაღლე (სმ) / 6000-ზე.
2.2. უცხოურ ვალუტაში განსაზღვრული მომსახურების საფასურის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის კურსი განისაზღვრება გზავნილის გაცვლის ცენტრის მიერ „WoodooPost“ პროგრამაში რეგისტრაციის დღეს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ დადგენილი ვალუტის კომერციული კურსის შესაბამისად. სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული გზავნილის შემთხვევაში, დეკლარაციის მომზადების საფასური განისაზღვრება ექსპედიტორის მიერ დადგენილი ტარიფით.
2.3. გზავნილის საქართველოში ტრანსპორტირების, დაზღვევის, საბაჟო დეკლარაციის მომზადებისა და ადრესატის მისამართზე მიტანის მომსახურებების საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდზე www.maleo.ge მითითებული გადახდის მეთოდით. შემკვეთის ექაუნთში ბალანსის შევსება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, სწრაფი გადახდის აპარატით ან ვებგვერდზე www.maleo.ge ბალანსის შევსების ფუნქციონალის გამოყენებით. ექაუნთის შევსებისას შემკვეთი დამატებით იხდის შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მომსახურების საკომისიოს.
შენიშვნა: შემკვეთის ექაუნთზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია რეკლამაციის განაცხადისა და საგადახდო დავალების წარმოდგენის საფუძველზე, რომლითაც დგინდება მალეოს ექაუნთის განმცხადებლის მიერ შევსების ფაქტი.
2.4. მომსახურების საფასურის გადახდა აგრეთვე შესაძლებელია ბონუს პროგრამის ფარგლებში დაგროვილი ქულებით, თუ მათი რაოდენობა საკმარისია გასატან გზავნილ(ებ)თან დაკავშირებული მომსახურების საფასურის, მათ შორის, დავალიანების დასაფარად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.5. შემკვეთი მომსახურების საფასურს იხდის გზავნილის ექსპედიტორის გაცვლის ცენტრში მიტანის დღეს. ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში ექსპედიტორი იტოვებს უფლებას, დავალიანების დაფარვამდე არ გასცეს შემკვეთის სახელზე არსებული გზავნილ(ებ)ი.
 
3. გზავნილის პარამეტრები და მომსახურების მიწოდების ზოგადი პირობები
3.1. სტანდარტულ გზავნილს წარმოადგენს საქართველოზე დამისამართებული გზავნილი, რომლის ზომა არ აღემატება 1.05მX1.05მX1.05მ-ს, ხოლო წონა - 30 კგ-ს; პოლონეთიდან გამოგზავნილი საქართველოზე დამისამართებული გზავნილის შემთხვევაში სტანდარტულია გზავნილი, რომლის მოცულობითი წონა არ აღემატება 30 კგ-ს.
3.2. დიდ გაბარიტულ გზავნილს წარმოადგენს:
3.2.1. საქართველოზე დამისამართებული გზავნილი, რომლის ზომისა და წონის პარამეტრები აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მოცემულ პარამეტრებს, მაგრამ მისი ზომა არ აღემატება 2მ X 2მ X 2მ-ს, ხოლო წონა - 200 კგ-ს;
3.2.2. პოლონეთიდან გამოგზავნილი საქართველოზე დამისამართებული გზავნილი, რომლის მოცულობითი წონა აღემატება 30 კგ-ს;
3.2.3. აშშ-დან გამოგზავნილი საქართველოზე დამისამართებული ავტომობილის ნაწილები, მიუხედავად მათი ზომისა/წონისა.
3.3. თუ გზავნილის ზომა/წონა აღემატება მითითებულ პარამეტრებს, შემკვეთი ვალდებულია წინასწარ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ექსპედიტორს, რა შემთხვევაშიც ექსპედიტორი იტოვებს უფლებას უარი თქვას შესაბამისი მომსახურების მიწოდებაზე.
3.4. მომსახურება მოიცავს ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრებში მიღებული გზავნილების საქართველოში მდებარე სერვისცენტრებამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებას.
3.5. საქართველოზე დამისამართებული გზავნილების საქართველოში მდებარე სერვისცენტრებში მიტანა ხორციელდება ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრებში გზავნილის მიღებიდან 7-12 სამუშაო დღის ვადაში, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 3.6. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამასთან, ჩაბარების ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება გზავნილის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერების პერიოდი.
3.6. თურქეთიდან საქართველოში დამისამართებული გზავნილების საქართველოში მდებარე სერვისცენტრებში მიტანა ხორციელდება ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრში გზავნილის მიღებიდან 3-5 სამუშაო დღის ვადაში. ჩაბარების ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება გზავნილის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერების პერიოდი.
შენიშვნა: გზავნილის მიტანის ვადის ათვლა იწყება საერთაშორისო გაცვლის ცენტრებში გზავნილის მიღების მომდევნო სამუშაო დღიდან.
3.7. საქართველოზე დამისამართებული გზავნილის შესაბამის სერვისცენტრში მიტანის შემდეგ ინფორმაცია გზავნილის მიღების შესახებ შემკვეთს ეგზავნება სმს შეტყობინების ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამასთან, ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემკვეთს აგრეთვე ეგზავნება ვერიფიკაციის კოდი, როგორც დამატებითი მაიდენტიფიცერებელი პარამეტრი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გზავნილი ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას ან დაზიანებული სტატუსის მქონეა. გზავნილის შემკვეთისათვის ჩაბარების მიზნით ექსპედიტორის კურიერი არ ახორციელებს ვიზიტს შემკვეთის მისამართზე, გარდა შემკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევისა.
3.8. საქართველოზე დამისამართებული გზავნილის ჩაბარების ვალდებულება შემკვეთს აქვს გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ექსპედიტორის გაცვლის ცენტრში მიტანიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. გზავნილის ჩასაბარებლად შემკვეთი შესაბამის სერვისცენტრში წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ასახელებს შემკვეთის ოთახის ნომერს ან/და ვერიფიკაციის კოდს. გზავნილის ჩაბარება აგრეთვე შესაძლებელია იმ პირის მიერ, რომელიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად წარადგენს ვერიფიკაციის კოდს და დაასახელებს შემკვეთის ვინაობას.
3.9. წინამდებარე ხელშეკრულების 3.8. პუნქტით განსაზღვრული ჩაბარების ვადის გადაცილების შემთხვევაში გზავნილი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა სახელმწიფოს.
 
4. გზავნილის გადამისამართებისა და ინფორმაციის (ცნობის) მიღების მომსახურების პირობები
4.1. შემკვეთს უფლება აქვს დამატებით ისარგებლოს გზავნილის გადამისამართების მომსახურებით ექსპედიტორის ქოლცენტრში დარეკვით ან ელექტრონული ფოსტის info@maleo.ge საშუალებით, ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრიდან გზავნილის გამოგზავნამდე უსასყიდლოდ, ხოლო საერთაშორისო გაცვლის ცენტრიდან გზავნილის გამოგზავნის შემდეგ - მომსახურების საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
შენიშვნა: შემკვეთის სახელის, გვარის/სახელწოდების ცვლილება გზავნილზე არ ხორციელდება. ამასთან, შემკვეთს აქვს შესაძლებლობა ვებგვერდზე რეგისტრაციისას სახელსა და გვარში/სახელწოდებაში დაშვებული შეცდომის გასწორების მიზნით მიმართოს ექსპედიტორის ქოლცენტრს ან სერვისცენტრს.
4.2. შემკვეთს უფლება აქვს დამატებით ისარგებლოს გამოგზავნილი/ჩაბარებული გზავნილის შესახებ ინფორმაციის (ცნობის) მიღების მომსახურებით შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.
 
5. გზავნილის ადგილზე მიტანის (საკურიერო) მომსახურების პირობები
5.1. შემკვეთს უფლება აქვს დამატებით ისარგებლოს გზავნილის ადგილზე მიტანის (საკურიერო) მომსახურებით ვებგვერდზე www.maleo.ge შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით, მომსახურების ღირებულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში წინასწარ გადახდის პირობითა და მხოლოდ იმ მისამართზე, რომელიც მითითებული იყო ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრიდან გზავნილის გამოგზავნამდე (მისამართის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ საერთაშორისო გაცვლის ცენტრიდან გზავნილის გამოგზავნამდე - უსასყიდლოდ, ხოლო საერთაშორისო გაცვლის ცენტრიდან გზავნილის გამოგზავნის შემდეგ - შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ).
5.2. გზავნილის ადგილზე მიტანის (საკურიერო) მომსახურება ქ. თბილისის მასშტაბით ხორციელდება უსასყიდლოდ, ხოლო ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ მომსახურების საფასური შეადგენს 3 (სამი) ლარს. მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად.
5.3. ექსპედიტორს უფლება აქვს უარი თქვას შემკვეთისთვის 10 (ათი) ან მეტი კგ წონის მქონე გზავნილის ადგილზე მიტანის (საკურიერო) მომსახურების მიწოდებაზე.
5.4. შემკვეთის მიერ ადგილზე მიტანის (საკურიერო) მომსახურებით სარგებლობისას ექსპედიტორის კურიერი გზავნილის ჩაბარებას უზრუნველყოფს:
5.4.1. საქართველოს მასშტაბით იმ ქალაქებში, სადაც მდებარეობს ექსპედიტორის სერვისცენტრები:
5.4.1.1. არაუგვიანეს შეკვეთის მიღების დღისა, თუ შეკვეთა მიღებულია სამუშაო დღის 12:00 საათამდე;
5.4.1.2. არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღის 12:00 საათისა - თუ შეკვეთა მიღებულია წინა სამუშაო დღის 12:00 საათის შემდეგ.
5.4.2. საქართველოს მასშტაბით სხვა ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც არ მდებარეობს ექსპედიტორის სერვისცენტრი, შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღის ბოლომდე.
5.5. თუ ექსპედიტორისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ ხდება გზავნილის შემკვეთისთვის ჩაბარება (მაგ: შემკვეთის ადგილზე არყოფნის ან სხვა მიზეზით), ექსპედიტორის კურიერი შემკვეთის მისამართზე ტოვებს შეტყობინების ფურცელს. ასეთ შემთხვევაში შემკვეთის მიერ გზავნილის მიღება შესაძლებელი იქნება ექსპედიტორის სერვისცენტრიდან გატანის გზით. ამასთან, შემკვეთს აქვს შესაძლებლობა, მომსახურების ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, ხელმეორედ ისარგებლოს გზავნილის ადგილზე მიტანის (საკურიერო) სერვისით, მათ შორის, ექსპედიტორის ქოლცენტრში დარეკვით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რაც განიხილება შემკვეთის მიერ დამატებითი სერვისით „გზავნილის მისამართზე ჩაბარებით“ სარგებლობად და მასზე ვრცელდება „გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისის“ წესები, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე:www.gpost.ge.
 
6. გზავნილის დაზღვევის მომსახურების პირობები
6.1. შემკვეთს უფლება აქვს დამატებით ისარგებლოს დეკლარირებული გზავნილის დაზღვევის მომსახურებით (გარდა აკრძალული ან/და მსხვრევადი ნივთების დაზღვევისა) ვებგვერდზე www.maleo.ge შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით, მხოლოდ ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრიდან გზავნილის გამოგზავნამდე და დაზღვევის ღირებულების წინასწარი გადახდის პირობით.
შენიშვნა: დაზღვევის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოზე დამისამართებულ გზავნილებზე.
6.2. გზავნილის დაზღვევის საფასური შეადგენს დეკლარაციაში მითითებული გზავნილის ღირებულების 5%-ს. საფასურის გადახდა ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად.
6.3. გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია არაუმეტეს მისი რეალური ღირებულებით. ამასთან, დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 10 000 ლარს.
 
7. გზავნილის დეკლარირება/განბაჟება
7.1. გზავნილის დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნისა (ვებგვერდი, სადაც შემკვეთმა შეიძინა პროდუქცია) და სასაქონლო დასახელების, ასევე ფასის მითითება) ვებ–გვერდზე www.maleo.ge სავალდებულოა. დეკლარირებისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემკვეთს.
7.2. შემკვეთი ვალდებულია, გზავნილი დაადეკლარიროს ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრში მოხვედრიდან ექსპედიტორის ტერმინალში მიტანამდე პერიოდში.
7.3. გზავნილის დეკლარირებისას შემკვეთმა ვებგვერდზე www.maleo.ge უნდა ატვირთოს ან/და გზავნილის გატანისას ექსპედიტორს უნდა წარუდგინოს გამყიდველი ორგანიზაციისგან მიღებული შესყიდვის საბუთი (ინვოისი).
7.4. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი წინამდებარე ხელშეკრულების 7.2. პუნქტი განსაზღვრულ ვადაში არ დაადეკლარირებს გზავნილს, დეკლარირების პროცესი ვებგვერდზე www.maleo.ge შეწყდება და განახლდება გზავნილის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას, რის შემდეგაც დეკლარირების შესაძლებლობა იარსებებს 8 (რვა) კალენდარული დღის განმავლობაში. თუ გზავნილის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ მოხდა მისი დეკლარირება, გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.5. შემკვეთს აქვს შესაძლებლობა ვებგვერდის www.maleo.ge გამოყენებით მოითხოვოს დეკლარირების დისტანციურად განხორციელება, სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებულ გზავნილ(ებ)ზე.
7.6. დისტანციური დეკლარირების მომსახურების საფასური თითო დეკლარაციაზე შეადგენს 10 ლარს და მისი გადახდა ხდება წინამდებარე ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად. ამასთან, ერთი რეისისა და ინტერნეტმაღაზიის ქვეშ გაერთიანებული გზავნილების დეკლარირება ხდება ერთიანად და შემკვეთი იხდის ერთ ტარიფს.
7.7. დადეკლარირებული გზავნილის გატანა შემკვეთს შეუძლია სერვისცენტრიდან. მას ასევე შეუძლია აღნიშნულ გზავნილზე ისარგებლოს მისამართზე ჩაბარების სერვისით, რა დროსაც საბაჟო დეკლარაციასა (ფორმა 4) და გზავნილს შემკვეთი ადგილზე მიიღებს.
7.8. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანო დააკისრებს საჯარიმო სანქციას ექსპედიტორს, შემკვეთის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), ექსპედიტორი უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს შემკვეთს.
 
8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1. შემკვეთს უფლება აქვს:
8.1.1. მოსთხოვოს ექსპედიტორს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების მიწოდება;
8.1.2. მოსთხოვოს ექსპედიტორს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად;
8.1.3. ისარგებლოს ბონუს პროგრამით და გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდილი თანხიდან პირად ანგარიშზე ქულების სახით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 5%-მდე.
8.2. შემკვეთი ვალდებულია:
8.2.1. დროულად მისცეს ექსპედიტორს გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად აუცილებელი მითითებები, მიაწოდოს საბაჟო ფორმალობებისა და სხვა მოქმედებების შესასრულებლად საჭირო და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად აუცილებელი ცნობები, აგრეთვე აღნიშნული ცნობების უტყუარობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები;
8.2.2. არ დაუკვეთოს ექსპედიტორს აკრძალული შიგთავსის მქონე გზავნილების გადაზიდვის მომსახურება;
8.2.3. საფრთხის შემცველი გზავნილის არსებობისას გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომებზე მითითებით;
8.2.4. გზავნილის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო გადაზიდვის მოთხოვნების დაცვის მიზნით უზრუნველყოს, რომ გზავნილი სათანადოდ იყოს შეფუთული;
8.2.5. დროულად და სრულად გადაუხადოს ექსპედიტორს მომსახურების საფასური;
8.2.6. სრულად აუნაზღაუროს ექსპედიტორს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი.
8.3. ექსპედიტორს უფლება აქვს:
8.3.1. მოსთხოვოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
8.3.2. უარი თქვას მომსახურების მიწოდებაზე, თუ გზავნილის მოცულობა/წონა აღემატება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებს;
8.3.3. უარი თქვას დამატებითი მომსახურების მიწოდებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას;
8.3.4. გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გაუვნებელყოს გზავნილი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში ექსპედიტორი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
8.4. ექსპედიტორი ვალდებულია:
8.4.1. მიაწოდოს შემკვეთს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურება;
8.4.2. აუნაზღაუროს შემკვეთს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
 
9. ექსპედიტორის პასუხისმგებლობა და მისი გამორიცხვა
9.1. ექსპედიტორის პასუხისმგებლობის მოცულობა შემკვეთის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან გაუფრთხილებლობით) იქნება გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება შემკვეთის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.
9.2. ექსპედიტორი მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, გზავნილის (მათ შორის, დაზღვეულის) დაკარგვით, გზავნილის ისეთი გარეგანი დაზიანებით, რომელიც იწვევს მისი შიგთავსის დაზიანებას, აგრეთვე შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვით.
9.3. გზავნილი დაკარგულად ითვლება, თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა პრეტენზიის მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში. ამასთან, შემკვეთის მიერ პრეტენზიის წარდგენა უნდა მოხდეს საერთაშორისო გაცვლის ცენტრში გზავნილის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის განმავლობაში.
9.4. ექსპედიტორის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
9.4.1. თუ გზავნილი ჩაბარებულია ექსპედიტორის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
9.4.2. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა შემკვეთისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია;
9.4.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
9.4.4. შემთხვევებში, როცა ექსპედიტორს არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო;
9.4.5. თუ გზავნილის დაკარგვა ან მისი შიგთავსის არარსებობა გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით, ან შიგთავსის თვისებებით;
9.4.6. იმ გზავნილის დაკარგვაზე, რომლის მიღებას ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრი არ ადასტურებს, ხოლო შემკვეთი ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ქვეყნის გადამზიდავის მიერ ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც ხელმოწერილი იქნება ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ;
9.4.7. გზავნილის შიგთავსის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, თუ აღნიშნული გზავნილი ექსპედიტორის საერთაშორისო გაცვლის ცენტრში ჩაბარებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;
9.4.8. იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;
9.4.9. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
9.4.10. თუ გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);
9.4.11. თუ გზავნილის ტრანსპორტირება საერთაშორისო გაცვლის ცენტრში განხორციელდა სხვა ქვეყნიდან, რის გამოც მოხდა გზავნილის ნებისმიერი გადასახადით/მოსაკრებლებით დაბეგვრა, გამომგზავნი ან მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
9.4.12. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო, მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);
9.4.13. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია მისი შიგთავსის დაზიანება;
9.4.14. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია;
9.4.15. მაღაზიის მიერ არასათანადოდ შეფუთულ ნივთებზე;
9.4.16. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით შემკვეთი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს.
9.5. გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში, ექსპედიტორი ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:
9.5.1. დაზღვეული გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში - დაზღვევის თანხის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს წინასწარ დეკლარაციაში მითითებული ოდენობისა, რომელსაც ემატება გადახდილი ტრანსპორტირების ღირებულება. ამასთან, დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს - 10 000 ლარს.
9.5.2. დაუზღვეველი გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში - გზავნილის შიგთავსის ღირებულების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, რომელსაც ემატება გადახდილი ტრანსპორტირების ღირებულება. ამასთან, თუ წინასწარი დეკლარირებისა და ნასყიდობის დოკუმენტში (ინვოისში) მოცემული ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ანაზღაურება მოხდება უფრო ნაკლები თანხის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
9.6. გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის ან გზავნილის ისეთი გარეგანი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც იწვევს შიგთავსის დაზიანებას, ექსპედიტორი ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:
9.6.1. დაზღვეული გზავნილის ისეთი გარეგანი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც იწვევს შიგთავსის დაზიანებას და/ან შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში - დაზიანებული/დაკარგული ნივთის ღირებულების ოდენობით, რომელიც წინასწარ დეკლარაციაში მითითებული ასეთი ნივთის ღირებულების იდენტურია. ამასთან, დაკარგული/დაზიანებული ნივთის დაზღვევის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის დოკუმენტში (ინვოისში) მითითებულ ოდენობას, ხოლო დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 10 000 ლარს.
9.6.2. დაუზღვეველი გზავნილის ისეთი გარეგანი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც იწვევს შიგთავსის დაზიანებას და/ან გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში - დაზიანებული/დაკარგული ნივთის ღირებულების ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ამასთან, თუ წინასწარი დეკლარირებისა და ნასყიდობის დოკუმენტში (ინვოისში) მოცემული ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, ანაზღაურება მოხდება უფრო ნაკლები თანხის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
 
10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულება
10.1. შემკვეთი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.maleo.ge და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, შემკვეთი აცხადებს თანხმობას ექსპედიტორისთვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) დამუშავებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მიზნით.
10.2. ექსპედიტორი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ შემკვეთის მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. ამასთან, პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:
10.2.1. შემკვეთისათვის მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, შემკვეთის ვებგვერდზე www.maleo.ge რეგისტრაციის შედეგად შექმნილი პირადი ანგარიშის, შეკვეთების და მოთხოვნების მართვის, მოთხოვნილი პროდუქტის/სერვისის ან/და ინფორმაციის მიწოდების ან/და განცხადების/საჩივრის/რეკლამაციის განხილვის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია შემკვეთის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ექსპედიტორის მიერ შემკვეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
10.2.2. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ექსპედიტორის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე ექსპედიტორის შესახებ ინფორმაციის, ახალი პროდუქტების/სერვისების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მიწოდების/გაცნობის მიზნით;
10.2.3. საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით;
10.2.4. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვის მიზნით;
10.2.5. კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით.
10.3. ექსპედიტორი არ გადასცემს მესამე პირებს შემკვეთის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
10.3.1. არსებობს შემკვეთის თანხმობა;
10.3.2. კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან შემკვეთმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
10.3.3. აუცილებელია ასეთი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა წინამდებარე ხელშეკრულების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით. ამასთან, შემკვეთი აცხადებს, რომ ინფორმირებულია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც არ შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 29 თებერვლის N23 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში და თანახმაა, მომსახურების გაწევის მიზნით მისი პერსონალური მონაცემები გადაეცეს ასეთ სახელმწიფოს.
10.4. ექსპედიტორი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს შემკვეთის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
10.5. შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპედიტორი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად მიაწოდოს მას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია, გააცნოს მის შესახებ არსებული მონაცემები და უსასყიდლოდ ან გონივრული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიაწოდოს ამ მონაცემების ასლები, გაასწოროს, განაახლოს ან შეავსოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემები, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან შემკვეთს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს უარის გასაჩივრების წესი, დაბლოკოს ან გადაიტანოს მონაცემები.
10.6. შემკვეთს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება ან განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
10.7. შემკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით. ამ შემთხვევაში, შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეწყდება მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
 
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
11.1. შემკვეთისა და ექსპედიტორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ექსპედიტორის მიერ შემკვეთის რეკლამაციის (პრეტენზიის) განხილვა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ექსპედიტორის „მომხმარებლის სახელმძღვანელოსა“ და „რეკლამაციის წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე www.gpost.ge.
11.2. მხარეებს შორის წარმოშობილი დავა განიხილება და გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.
 
12. დამატებითი პირობები
12.1. მხარეები აცხადებენ, რომ ექსპედიტორი ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ მომსახურების მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია შემკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
12.2. შემკვეთი აცხადებს, რომ მის მიერ ექსპედიტორისთვის წარდგენილი დოკუმენტები არის ნამდვილი.
12.3. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაამჟღავნებენ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ერთმანეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, გარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევისა. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
12.4. ექსპედიტორი უფლებას იტოვებს შემკვეთთან შეთანხმების გარეშე შეცვალოს მომსახურების წესები და პირობები (მათ შორის, მომსახურების ტარიფები), რაც განთავსდება ექსპედიტორის ოფიციალურ ვებგვერდზე www.maleo.ge და ძალაშია შემკვეთის დამატებითი შეტყობინების/თანხმობის გარეშე.